საზოგადოება
ნინო ბურჯანაძე: "ქვეყანას აქვს მხოლოდ ორი გზა - ან ავტოკრატია, ან რევოლუცია!"

  საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. “ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” სააპელაციო სასამართლოს პასუხს ელოდება, სარჩელი 5 საარჩევნო ოლქის სხვადასხვა უბნებზე ხმების ხელახლა გადათვლას ეხება. სანამ ბურჯანაძე სარჩელს სააპელაციო სასამართლოში შეიტანდა, მან უკვე მიიღო წარმოების მიღებაზე უარი საქალაქო სასამართლოსგან, მანამდე კი ხმების ხელახალ დათვლაზე უარი განაცხადეს საოლქო კომისიის წარმომადგენლებმა.

 ბურჯანაძის განცხადებით, საოლქო კომისიებში ხმები მმართველი ძალის მოთხოვნით არ დაითვალეს, გაბათილდა საჩივრებიც, რომლებზეც ახსნა-განმარტებები კომისიის წევრებმა სუს-ის კარნახით დაწერეს. ბურჯანაძე ივანიშვილს არჩევნების გაყალბებაში ადანაშულებს.

 "ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ჩვენ ხმები მოგვპარა და თავის ჯიბეში გადაილაგა, სუს-ის ძალიან აქტიური და ძალიან ქმედითი ღონისძიებების შედეგად. ქვეყანაში სასამართლო აღარ არსებობს, არ არსებობს სამართლიანობის პოვნის არანაირი გარანტია, ქვეყანაში არჩევნები კარგავს აზრს. ქვეყანას აქვს მხოლოდ ორი გზა - ან ავტოკრატია, ან რევოლუცია", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.