საზოგადოება
1$ - 2,38 - 2,39 GEL: ფინანსთა მინისტრი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციას ელოდება

  საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ნოდარ ხადური  ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილისა და ლარის გაცვლითი კურსის კავშირის შესახებ ოპონენტების განცხადებებს პასუხობს.

 “პერსპექტივაში ჩვენ ნამდვილად ველოდებით გაცვლითი კურსის დასტაბილურებასა და გამყარებას. ეს არის მოკლევადიანი რყევები, მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება და მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით. ამავე დროს, ეროვნული ბანკიც და ყველა ვთანხმდებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯებს არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია გაცვლით კურსზე ზემოქმედება. ამიტომ მოვუწოდებ ოპონენტებს, რომ ოდნავი ობიექტურობა შეინარჩუნონ“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 საქართველოს ეროვნული ბანკის გუშინწინ გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაიყიდა. სავალუტო ჯიხურებში კი დოლარის ფასმა ისევ მოიმატა - მისი ყიდვა დაახლოებით 2 ლარად და 38 თეთრად არის შესაძლებელი.