პოლიტიკა
ალმაზბეკ ატამბაევი: „ჩვენც გვქონდა პრობლემები, მაგრამ არ ვრეკავდით მოსკოვსა და ვაშინგტონში! იმედი მაქვს, ქართველებს რუსული ენა არ დაავიწყდებათ...“

  საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი, თბილისში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ კონფერენციაზე ოფიციალური განცხადებების შემდეგ, რუსულ ენაზე გადავიდა, რათა ჟურნალისტების კითხვებზე რუსულ ენაზე ეპასუხა.

 „მე შემიძლია რუსულად გიპასუხოთ, თარჯიმნის გარეშე,ვფიქრობ, რომ ჯერ ქართველებს არ დავიწყებიათ რუსული ენა, იმედი მაქვს, რომ ქართველებს რუსული ენა არ დაავიწყდებათ...

 ქართველი ხალხის, საქართველოს წვლილი არ არის მხოლოდ მეორე მსოფლიო ომში უმაღლესი მთავარსარდალი.ჩვენ გავიზარდეთ ქართულ სიმღერებზე და წიგნებზე. მე ბავშვობიდან ვკითხულობდი გიორგი სააკაძის შესახებ და სხვა მშვენიერ წიგნებს. ყველა ყირგიზმა იცის შოთა რუსთაველის პოემის ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ და ბევრი ყირგიზი არქმევს თავის შვილს ამირანს, ავთანდილს, ნესტანს. ბევრი ასევე ფიქრობს, რომ ეს ჩვენი პოემაა”, - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.

 „პოზიცია – „სულელი თავად ხარ“ – გამოსავალი არ არის!“ – განუცხადა ალმაზბეკ ატამბაევმა ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემაზე შეკითხვის საპასუხოდ. საქინფორმი აღნიშნავს, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტის პირდაპირმა და მართალმა განცხადებამ ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია ექსპრეზიდენტ სააკაშვილსა და პარტია „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებულ რუსოფობიულ წრეებში, ასევე მათ კონტროლქვეშ მყოფ მედიაში.

 "ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით უნდა გადაიჭრას. საომარ გზას მხოლოდ ჩიხში შევყავართ. უკრაინამ ერთი რევოლუციაც ვერ გადაიტანა. ყირგიზეთმა კი ორი რევოლუცია გამოირა 2005 და 2010 წლებში, ჩვენც გვქონდა პრობლემები, მაგრამ არ ვრეკავდით მოსკოვსა და ვაშინგტონში! თავად ვჭრიდით ყველა პრობლემას...

 ერთი მხარე არასდროს არის დამნაშავე. ალბათ ყველა საჭირო ნაბიჯი არ იყო გადადგმული ორივე მხრიდან... ზოგჯერ სიამაყეზე უარი უნდა ვთქვათ და ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ და საქმე ასეთ სიტუაციამდე არ უნდა მივიყვანოთ! ვფიქრობ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა...“.

 ამასთან, ყირგიზეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყირგიზეთი  მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 ალმაზბეკ ატამბაევმა თავისი ქართველი კოლეგა გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთში სტუმრად მიიწვია.