საზოგადოება
„ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საქართველოს ყველაზე დიდ საარჩევნო ოლქში ღირსეული გამარჯვება მოიპოვა

  საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში ყველაზე დიდი ოლქი (დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი და ბაზალეთის დევნილთა დასახლება) მოიცავს 3 მუნიციპალიტეტსა და 425 სოფელს. ზაქარია ქუცნაშვილმა არჩევნების შემდეგ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა ნდობისა და მხარდაჭერისათვის:

 „8 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გააკეთა არჩევანი და დაამტკიცა, რომ ადამიანის ღირსება და თავისუფლება ჩვენი მოსახლეობის პრიორიტეტია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუთხარით არა ძალადობას, ადამიანის ღირსების შელახვას და შიშზე დამყარებულ ძალაუფლებას. ოთხი წლის წინ ჩვენმა საზოგადოებამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც შეძლო და ქვეყანაში დაამკვიდრა დემოკრატიული პრინციპები, დღეს კი დავამტკიცეთ, რომ ჩვენი არჩეული გზა, ჩვენი პოლიტიკური კურსი კვლავ ნდობით სარგებლობს მოქალაქეებში. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ დუშელების, თიანელების, ყაზბეგელებისა და, მათ შორის, ბაზალეთის დევნილთა დასახლების წინაშე, რომელთაც აირჩიეს ჩვენი ქვეყნისათვის ნათელი, მშვიდი და სტაბილური მომავალი. მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.