სამართალი
„ასე არ ხდება! აჭარაში 7% მივიღეთ და დანარჩენ საქართველოში – 3,5%?!“ ნინო ბურჯანაძე ხმების გადათვლას ითხოვს

    საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. უკვე გამზადებული გვაქვს 200 სარჩელი სასამართლოში წარსადგენად. ჩვენ ვითხოვთ ხმების გადათვლას, - განაცხადა ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ჟურნალისტებთან.

  „ოქმების მთელი დასტა ვაჩვენე ბრიფინგზე გუშინ, საბურთალოს რაიონში 80 უბნიდან 40 უბანი არის დაუბალანსებელი, მთაწმინდის 31 უბნიდან 30 ოქმი არის დაუბალანსებელი. ვაკეში ნახევარი ოქმები არის დაუბალანსებელი, სამგორში 104 უბნიდან 67 არის დაუბალანსებელი. დაუბალანსებელში ვგულისხმობ იმას, რომ მოსული არის გარკვეული რაოდენობა, ხოლო ხმა მიცემული აქვს მოსულ რაოდენობაზე მეტს. ესე იგი ჩაყრილია ბიულეტენი, ხომ? ასევე არის გურიაში, სამეგრელოში და ყველა რაიონში“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

  „საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე პარტიის მხარდაჭერის აჭარის მონაცემები და დანარჩენი საქართველოს მონაცემები ორჯერ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. როგორ, აჭარაში 7-მა პროცენტმა მოგვცა ხმა და დანარჩენ საქართველოში ნახევარმა? უბრალოდ, იცოდნენ, რომელ უბანზე უნდა გაეყალბებინათ“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.