აქტუალური
დავით უსუფაშვილი: „ორი წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩიე, საახალწლო სუფრას მიჯდომოდა და ბოლომდე ჩაეყო თავი საცივში. ახლა ჩემს თავსაც ამას ვუსურვებ“

  საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეკითხვის პასუხად განაცხადა.

 „აღარ დარჩა სახელმწიფოში თანამდებობა, რომლის თაობაზეც არ არის საუბრები, რომ იქ წავალ. შესაძლოა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი რამ შემიძლია. არანაირი სერიოზული საუბრები ჩემს მომავალთან დაკავშირებით არ მქონია არავისთან. ამის დრო მოვა. ახლა მთლიანად ვარ კონცენტრირებული, რომ პირნათლად და ბოლომდე შევასრულო პარლამენტში დაკისრებული მოვალეობა. მახსოვს, ორი წლის წინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, მე მას საჯაროდ ვურჩიე, ახლა მოდი, საახალწლო სუფრას მიუჯექი და ბოლომდე ჩაყავი თავი საცივში. მომავალზე მერე იფიქრე-მეთქი. ახლა ჩემს თავსაც დაახლოებით ამას ვუსურვებ. მერე ვნახოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტია, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებისა და ფულის წყალობით მოვიდა, გასული საპარლამენტო არჩევნებიდან 4 წლის განმავლობაში ბევრ მაღალ თანამდებობას იკავებდა სახელმწიფოში, მაგრამ გავიდა რა ამჟამინდელ არჩევნებში მარტო, დააგროვა ხმების მხოლოდ 1%  – თავისი რეალური ელექტორატის, რაც რეალურად 20 ათას ამომრჩეველზე ცოტა მეტია მთელ საქართველოში.