სამართალი
„ეგზიტპოლები ამომრჩევლებში მიკერძოებულობის გრძნობას ტოვებს და ზოგ შემთხვევაში არ იყო ჩატარებული პროფესიულად“ – ბერი ჯექსონი

  საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე IRI-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ბერი ჯექსონმა განაცხადა.

 „ყველაზე მთავარი, რამაც მიიქცია ჩვენი ყურადღება, არის ის, თუ რამდენად არ ენდობიან პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს. ასეთი დამოკიდებულება ცუდია პოლიტიკისთვის  და ამომრჩევლებისთვის. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ბრალდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით. ისმოდა ბრალდება, რომ ერთ-ერთი პარტია ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის მისი გავლენის ქვეშ მოქცევას. ასევე, მოვისმინეთ ბრალდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებენ პოლიტიკური პარტიები დასაყრდენად“, - აღნიშნა ბერი ჯექსონმა.

 „ჩვენ ვნახეთ ეგზიტპოლები, რომლებიც ქართველ ამომრჩევლებში მიკერძოებულობის გრძნობას ტოვებს და ზოგ შემთხვევაში არ იყო ჩატარებული პროფესიულად. დისკუსიების დროს დავაფიქსირებთ, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამეტებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და ახდენდნენ ზეწოლას საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ზეგავლენას ამომრჩეველზე“, - განაცხადა IRI-ის  დირექტორთა საბჭოს წევრმა.