პოლიტიკა
ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა - საქართველოში არჩევნები დაიწყო

  საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ცესკო-ს სპიკერ ანა მიქელაძის განცხადებით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა. ამის შესახებ მიქელაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმართულ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. 

 „ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ იქ, სადაც მხოლოდ პარლამენტის არჩევნები ტარდება, ისინი მიიღებენ 2 ბიულეტენს - ერთს პროპორციული, ხოლო მეორეს - მაჟორიტარული არჩევნებისთვის. 

 აჭარის რეგიონში რეგისტრირებული ამომრჩევლები ,საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტენის გარდა, ასევე მიიღებენ 2 ბიულეტენს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის - ერთს პროპორციული, ხოლო მეორეს - მაჟორიტარული არჩევნებისთვის. ასევე, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ტარდება საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები მიიღებენ დამატებით თითო ბიულეტენს.

 გარდა ამისა, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში ამომრჩევლები მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარლამენტის მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნებში. შესაბამისად, ისინი მიიღებენ თითო, პროპორციული არჩევნების ბიულეტენს“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს 25 საარჩევნო სუბიექტი - 19 პარტია და 6 ბლოკი. ასევე, საარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 816 მაჟორიტარი კანდიდატი.

8 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 42 092 წარმომადგენელი, 111 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 29 931 და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 440 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 184 მედიაორგანიზაციის 5 368 წარმომადგენელი. 

საღამოს 20:00 საათზე, მას შემდეგ, რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე: www.results.cec.gov.ge.

ცესკო-ს სპიკერის განცხადებით, დღეს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. 

მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. 

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. 

ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. "მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მიაწოდებს მედიას ინფორმაციას კენჭისყრის  მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. 

პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ტარდება საკრებულოს შუალედური, მერისა და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები.

ხმის მიცემის პროცესი უკვე სამი სააათია მიმდინარეობს. მოქალაქეები მე-9 მოწვევის პარლამენტს 4 წლის ვადით ირჩევენ. არჩევნები შერეული  სისტემით ტარდება. 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. დანარჩენი 73 მაჟორიტარი კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა. 

საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველს ორი ბიულეტენის შემოხაზვა მოუწევს – ერთის შესაბამისი ერთმანდატიანი ოლქიდან მაჟორიტარის ასარჩევად,  მეორე ბიულეტენში კი არჩევანს სასურველი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სასარგებლოდ გააკეთებს. 

მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 საარჩევნო სუბიექტს შორის უწევს. მათგან 19 პარტიაა, 6 კი საარჩევნო ბლოკია. რაც შეეხება მაჟორიტარებს, 73 ოლქში დეპუტატის მანდატისთვის, ცესკოს მონაცემებით, 800-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის. 

პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, რომელიც არჩევნებზე საუკეთესო შედეგს აჩვენებს, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნების შედეგები განსაზღვრავს ახალ  მთავრობის შემადგენლობას.