საზოგადოება
"როდესაც სიძულვილი არის მთავარი იარაღი არჩევნებში გამარჯვების, მაშინ ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული" - დავით უსუფაშვილი

  საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. დავით უსუფაშვილმა ეს განცხადება  დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე საუბრისას გააკეთა.

 „ეს ფაქტი, სამწუხაროდ, არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესის, რომელსაც ერთის მხრივ, სახელისუფლებო პარტია ქართული ოცნება, მეორეს მხრივ, ყოფილი სახელისუფლებო პარტია ნაციონალური მოძრაობა ამკვიდრებენ ქვეყანაში.

 ჩვენ უნდა დავგმოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შეხება აქვს ამ ქმედებასთან. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე, ვიღაცებმა მოახდინონ ისეთი გავლენა, როგორიც მათ სურთ, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 “თავისუფალი დემოკრატები” დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დღეს ქვეყანაში კრიმინალები დანაშაულს თავისუფლად სჩადიან და საზოგადოებას ტერორში ამყოფებენ.