პოლიტიკა
“საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და შეჩერების ახალი მექანიზმი ერთდროულად უნდა ამოქმედდეს“ – ევროკავშირის საბჭო

  საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

 გუშინ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან დაიწყონ.

 ამჟამად ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს ევროპარლამენტი განიხილავს. შესაბამისი ინიციატივა მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების (LIBE) კომიტეტმა უკვე დაამტკიცა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფის წევრმა კნუტ ფლეკენშტაინმა განაცხადა, ის იმედოვნებს,  რომ ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოესი ორი დღის განმავლობაში მიიღებს.

 როგორც ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, უვიზო რეჟიმი შესაძლოა, შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა უარს იტყვის რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობაზე, ასევე, თუ წევრი ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკისა და უსაფრთხოების წინაშე რისკები გაიზრდება.