საზოგადოება
„საქართველოს ჰიმნი მართლაც ამაყად გვეუბნება, ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა“ - რომის პაპი

  საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სიტყვით გამოსვლისას განცხადა.

 მისი თქმით, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მისი კულტურით, ენითა და ტრადიციებით გამოხატულ ფასეულობებში ფესვგადგმული, სრული უფლებით მიუჩენს ამ ქვეყანას ნაყოფიერსა და გამორჩეულ ადგილს ევროპული ცივილიზაციის წიაღში.

 „თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო წარმოგვიდგება ევროპასა და აზიას შორის გადებულ ერთგვარ ბუნებრივ ხიდად, ხალხებს რომ აკავშირებს და ურთიერთობას უადვილებს. ხიდად, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შესაძლებელი გახადა განსხვავებულ სამყაროთა შორის როგორც სავაჭრო ურთიერთობა, ასევე დიალოგი და აზრთა თუ გამოცდილებათა გაცვლა-გამოცვლა. თქვენი ეროვნული ჰიმნიც ხომ ამაყად გვეუბნება: “ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, განათებული მთა-ბარი წილნაყარია ღმერთთანა”. სამშობლო მართლაც ხატია, იერსახეს გვანიჭებს და ისტორიას გვისახავს”, - აღნიშნა რომის პაპმა.