აქტუალური
„ერგნეთში კანონის ფარგლებში უნდა აღდგეს ვაჭრობაც, გზებიც და კომუნიკაციაც“ - ბიძინა ივანიშვილი

  საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გორში, გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“, ერგნეთის ბაზრობის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

 „ერგნეთის ბაზრობის აღდგენაზე ძალიან ბევრი მცდელობა იყო ჩემს დროსაც. რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს მისი აღდგენა. ჩვენ ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებებს ვაღრმავებთ, ესეც გასათვალისწინებელია. მე მახსოვს, როდესაც დავიწყე ამ თემაზე მსჯელობა, ბევრი კითხვები გაჩნდა, აღურიცხავი საქონლის, ვერ ხდებოდა დაბეგვრაზე რეაგირება და ასე შემდგომ. ფინანსთა მინისტრი ძალიან გაცხარებული მეკამათებოდა”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

 „ჩვენ როგორმე უნდა დავიბრუნოთ ის ნდობა და ურთიერთობა, რაც გვქონდა ჩვენს ოს ძმებთან. როგორც ჩანს, ერგნეთის ბაზრობის აღდგენა ვერ მოხდა იმიტომ, რადგან კანონთან წინააღმდეგობაში მოვიდა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.