საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა იგეგმებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში. ეს დადასტურდა იმ ჩანაწერით, რომელიც გუშინწინ გამოქვეყნდა ინტერნეტში. აქ საუბარია დესტაბილიზაციაზე, ეს არის ის გეგმა, რომელიც მოფიქრებულია „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მიერ, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს არ აქვთ ამ გეგმის აღსრულების არავითარი რესურსი, მათი დრო არის ნამდვილად წასული. ეს „შპანა“, ეს მარგინალი პოლიტიკოსების ერთობლიობა 9 წლის განმავლობაში მართავდა ჩვენს ქვეყანას. ეს „შპანა“ 4 წლის განმავლობაში სარგებლობს ჯერ კიდევ წამყვანი ოპოზიციური პარტიის სტატუსით. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც ჟონავს „ნაცმოძრაობის“ ოფისებიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ვუსმენდი ნიკა გვარამიას ბრიფინგს. ნიკა გვარამიამ ისაუბრა, როგორც გენერალურმა პროკურორმა ყარამანაშვილის ტელევიზიის. 10 წუთის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით იმის გამართლებას, თუ რამდენად ლეგიტიმური შეიძლება იყოს რევოლუცია. აჭრილები არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. ძალიან რთული მოსასმენია ის მარგინალური ლექსიკა, რომლითაც საუბრობდა ნიკა გვარამია. დამთავრდა ნიკა გვარამიას დრო, დამთავრდა პეტრე ცისკარიშვილის დრო, მიხეილ სააკაშვილის დრო სამუდამოდ დამთავრდა ამ ქვეყანაში, ამას წერტილი დაესმება 8 ოქტომბერს“, - განაცხადა კობახიძემ.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებებით დადასტურებული ის, რომ იგივე გეგმა არსებობს ეგზიტპოლებთან დაკავშირებით. პირდაპირ აანონსებს ამას მიხეილ სააკაშვილი და მისი ქვეშევრდომი ნიკა გვარამია, რომ დადებენ ეგზიტპოლს, რომელიც შემდეგ უნდა გახდეს რევოლუციის საფუძველი. მე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს კონკრეტული გეგმები, რომლებსაც განხორციელება არ უწერია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.