პოლიტიკა
„პირადად მე ნეგატიურად ვაფასებ, რომ საქართველოში ძებნილი სააკაშვილი უკრაინაში თანამდებობაზეა!“ – უკრაინის საქმეთა რწმუნებული გიორგი ნაზაროვი–მხარგრძელი

  საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში უკრაინის საელჩოსთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა უკრაინის მოქალაქის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩარევა გააპროტესტეს. 

 საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებული გიორგი ნაზაროვი აქციის მონაწილეებს შეხვდა.

 „მე სულით ქართველი ვარ და მხარგრძელების გვარს მივეკუთვნები. საქართველო ჩემი სამშობლოა. მე ის ასევე მიყვარს, როგორც ჩემი უკრაინა. ჩვენ აუცილებლად შევატყობინებთ ჩვენს მთავრობას, რომ გაიმართა ასეთი მანიფესტაცია, რომ ხალხი შეშფოთებულია“, - აღნიშნა უკრაინის საქმეთა რწმუნებულმა.

 აქციის მონაწილის შეკითხვაზე, -  სააკაშვილი საქართველოში იძებნება, უკრაინაში კი ის თანამდებობის პირია, როგორ აფასებთ ამას? - გიორგი ნაზაროვმა უპასუხა:  პირადად მე ამას ნეგატიურად ვაფასებ... სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დამნაშავეა ადამიანი თუ არა“. თუმცა საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულმა გიორგი ნაზაროვი–მხარგრძელმა უპასუხოდ დატოვა რეპლიკა, რომ სააკაშვილს საქართველოში განაჩენი უკვე დაუსწრებლად გამოუტანეს.

 ცნობისათვის: ამ ეტაპზე უკრაინას საქართველოში ელჩი არ ჰყავს.