საზოგადოება
„პრეზიდენტმა არც თავიდან იცოდა, რა უფლებები ექნებოდა და დღესაც არ ესმის“ – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილი თეთრიწყაროს მოსახლეობას საავადმყოფოს გახსნას დაჰპირდა, თუმცა დღემდე დაპირება შეუსრულებელია.

 როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რუსთავში, გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, მარგველაშვილს კონსტიტუცია მანამდე უნდა წაეკითხა და სცოდნოდა, რა უფლებები ჰქონდა.

 "პრეზიდენტის სფერო არ არის, რომ საავადმყოფო ააშენოს ან ჯანდაცვას მიხედოს. დაპირებებში ეტყობა, რომ მანამდეც არ იცოდა, კონსტიტუცია მანამდე უნდა წაგეკითხა-მეთქი, მერე გაუჩნდა კითხვები. სამწუხაროა, რომ ამ რეგიონში ასეთი მდგომარეობაა. ჯანდაცვაზე ბიუჯეტის ყველაზე მეტი ფული იხარჯება. სერგეენკო წარმატებული მინისტრია და კარგი მენეჯერი“, - განაცხადა ივანიშვილმა.