პოლიტიკა
„თქვენი გეგმები და მიზნები ჩვენს ექსპერტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესანიშნავი დასაწყისია“ – იენს სტოლტენბერგის წერილი ლევან იზორიას

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. 16 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალური წერილი მიიღო. იენს სტოლტენბერგი პოზიტიურად აფასებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორიასთან შეხვედრას.

 „სასიამოვნო იყო თქვენი გეგმებისა და მიზნების მოსმენა, რაც მჯერა, რომ ჩვენს ექსპერტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესანიშნავი დასაწყისია როგორც საქართველოში, ასევე ნატოს შტაბბინაში. ქართველმა სამხედროებმა ბევრჯერ დაამტკიცეს მამაცობა, პროფესიონალიზმი და თავდადება ჩვენს ერთობლივ მისიაში ავღანეთში.

 ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობა, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი ვიზიტის ამ ნაწილმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ყველა წევრის მიერ მაღალი შეფასება მიიღო.

 ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების რეფორმირებაზე დიალოგს და საქართველოს წვლილს რეგიონულ უსაფრთხოებაში ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში“, - ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის წერილში.