სამართალი
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და  სოდ-ის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი გია სირაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

 ორწლიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გუშინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. მერაბიშვილს - 6 წლითა და 9 თვით, კოდუას და სირაძეს კი 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

 საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სოდ-ის ხელმძღვანელ ერეკლე კოდუას და სოდ-ის მაღალჩინოსანს გია სირაძეს ბრალი 2014 წელს წაუყენეს.

 ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხი სასამართლოში ცალკე განიხილება.

 სასამართლოს განაჩენის შემდეგ ვალერი გელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის კმაყოფილია გამოტანილი გადაწყვეტილებით და მზადაც კი არის აპატიოს მასზე მხეცური თავდასხმის ყველა შემსრულებელს, გარდა მთავარი და ერთადერთი შემკვეთის – მიხეილ სააკაშვილისა!