პოლიტიკა
„ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარს უჭერს“ - განაცხადეს დონალდ ტუსკმა და ფედერიკა მოგერინიმ

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ  საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ეს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

 გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი შეუქცევადია, ხოლო ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი ერთგულებას ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესიც ადასტურებს.

 საუბარი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს არჩევნების საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას და, პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, არჩევნებზე რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო დამკვირვებელს იწვევს.