საზოგადოება
ძველი თბილისის სილამაზით აღფრთოვანდებით! - აღმაშენებლის გამზირის განახლებული ნაწილის პრეზენტაცია 25 სექტემბერს გაიმართება

  საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში აღმაშენებლის გამზირის (ყოფილი მიხაილოვის პროსპექტი) რეაბილიტაცია სრულდება. პრეზენტაცია 25 სექტემბერს გაიმართება. ამ დროისთვის გამზირის დასუფთავება და დეკორაციული მოწყობა მიმდინარეობს. გამოიცვალა სანიაღვრე, საკანალიზაციო და საკომუნიკაციო სისტემა. აღდგა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ისტორიულ ძეგლებსა და სადარბაზოებს.  აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს აღმაშენებლის გამზირის შიდა ეზოებშიც (იტალიური ეზოები).

 აღმაშენებლის გამზირზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ფოსტიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე (კავკასიაში იმპერატორის მეფისნაცვლის, გენერალ-გუბერნატორი ვორონცოვ-დაშკოვის სახელობის ყოფილი მოედანი) მონაკვეთი მანქანებისთვის დაიკეტება და ღია კაფეები მოეწყობა. პროექტზე საერთო ჯამში 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.