აქტუალური
„დათა ახალაიას და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ბრალდების წარდგენა მხოლოდ ამ ვიდეოფაილის საფუძველზე არ მომხდარა“ - არჩილ ტყეშელაშვილი

  საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. 26 მაისს მომხდარი ამბავი ბევრმა ჟურნალისტმა გააშუქა, მაგრამ საქმეში არსებული არცერთი ტელემასალა სხვა პირების იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლეოდა, - ამის შესახებ 26 მაისის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

 “პროკურატურის მიერ გავრცელებული ახალი ვიდეოფაილის მეშვეობით შესაძლებელი გახდა საშუალო და დაბალი რგოლის თანამდებობის პირთა იდენტიფიცირება და მათი როლების დადგენა. ეს არ იყო მომიტინგეთა დაშლის ოპერაცია, ეს მათი დარბევის და სამაგალითოდ დასჯის ღონისძიება იყო. რუსთაველზე არცერთი გასასვლელი არ არსებობდა და მომიტინგეები განურჩევლად უნდა დაკავებულიყვნენ. ეს შეგვიძლია, დანამდვილებით ვთქვათ ვიდეოფაილზე დაყრდნობით და საქმეში მოპოვებული 250-ზე მეტი დაზარალებულის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩვენების საფუძველზე”, - განაცხადა პროკურორმა.

 მისი თქმით, პროკურატურამ აღნიშნული ვიდეოფაილი რამდენიმე თვის წინ მოიპოვა და მყისიერი მოქმედებები განახორციელა.

 “დათა ახალაიას და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ბრალდების წარდგენა მხოლოდ ამ ვიდეოფაილის საფუძველზე არ მომხდარა. მას შემდეგ, რაც ვიდეოთი გაირკვა, რომ კუდ-ის თანამშრომლებს თავისუფლების მოედნის მიმდებარე მხარე გადაკეტილი ჰქონდათ და მომიტინგეებს განურჩევლად აკავებდნენ, დაიკითხნენ კუდ-ის თანამშრომლები და ამ ვიდეოში აღწერილი ფაქტები მოწმეთა ჩვენებებითაც დადასტურდა. ეს ვიდეო რომ მანამდე გვქონოდა, ივანე მერაბიშვილის ბრალდების საქმეში საკმაოდ აქტიურად გამოვიყენებდით”, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

 როგორც 26 მაისის საქმის პროკურორმა აღნიშნა, თუ მტკიცებულებები შეიკრიბება და სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოვლინდება, ყველა პირი პასუხისგებაში მიეცემა.

 საქინფორმი დამატებით იტყობინება, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გუშინწინ გასაჯაროებული ამოღებული ვიდეოფაილი ოპოზიციის ანდა მოყვარულის გადაღებული როდია - ეს იყო შსს-ს (პრესსამსახური) ოფიციალური თანამშრომლების პროფესიონალური კადრები, რომლებიც მათ ხელმძღვანელობის - თავის დაუსჯელობაში დარწმუნებული რეჟიმის ბრძანებით გადაიღეს, პრეზიდენტ სააკაშვილისთვის საჩვენებლად.