პოლიტიკა
„ხალხს ვეუბნები, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცენ, რადგან უკეთესი არავინ არ არის“ - ირაკლი ოქრუაშვილი

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ  გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

 “მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მანკიერი გადმონაშთი ჯერ კიდევ არსებობს და ძირითადად, შუა დონის ბიუროკრატიის მხრიდან მანიპულირება ხდება, წინა არჩევნებთან შედარებითაც კი, ამ არჩევნებში მეტი პოზიტივი შეინიშნება”, - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

 “მე არცერთი პარტიის მიერ არ ვარ დასახელებული და არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად ვიღებ. ეს ნაბიჯი სპეციალურად გადავდგი. ჩემი მხრიდან არჩევნებში პარტიულად მონაწილეობით „ქართულ ოცნებას“ მეტ ხმას წავართმევდი, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნებისმიერ სხვას. ასე მოხდა 2014 წელს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებზე პარტიულად 36% აიღო, მე კი - 30%. ასე რომ, ჩემი პარტიულად მონაწილეობის შემთხვევაში, “ქართული ოცნება” ზუსტად იმდენ ხმას მიიღებდა, რამდენსაც „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ნაბიჯზე შეგნებულად არ წავედი, რომ წყალი „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე არ დამესხა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მკითხეს, თუ რატომ ვეუბნები ხალხს, ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცენ. იმიტომ, რომ უკეთესი არავინ არ არის”, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.