პოლიტიკა
”ჩვენ არ დაგვიგროვებია მილიონები, არ შეგვიტანია ჩვენი მეუღლეების ანგარიშებზე ვენის ბანკში მილიონები, ჩვენ ხალხთან ერთად ვართ” - კახა ძაგანია

 საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ”მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ საზოგადოებას მაჟორიტარობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი წარუდგინა. ყველა მათგანი „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერთა ყოფილი თანაგუნდელი, ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრია.

 „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ მაჟორიტარობის კანდიდატებად „ძველი თანამებრძოლები, ხალხისა და პრინციპების ერთგული ადამიანები“ დაასახელა: ფოთის #61 მაჟორიტარულ ოლქში - კონსტანტინე გუგუშვილი; რუსთავის #30 მაჟორიტარულ ოლქში - დავით ვერძეული; გარდაბნის #31 მაჟორიტარულ ოლქში - ლევან აბრამიშვილი; ლანჩხუთი-ჩოხატაურის #60 მაჟორიტარულ ოლქში - ლაშა ჯიბლაძე; საჩხერის #53 მაჟორიტარულ ოლქში - ზაზა ტაბატაძე.

 ”თუ გინდათ, რომ თქვენმა რჩეულმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარლამენტში იბრძოლოს სოციალური თანასწორობისათვის ქვეყანაში, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დენის ტარიფი არ იქნეს გაზრდილი, პენსიონერებს ჰქონდეთ ღირსეული პენსია, თუ გინდათ, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები არ განთავსდეს საქართველოს ტერიტორიაზე, მხარი დაუჭირეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ დეპუტაციას“, - განაცხადა კახა ძაგანიამ.