აქტუალური
”იმხელა სხვაობაა რესპუბლიკელების მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის, სასწაული უნდა მოახდინო, რომ ისინი ერთმანეთს დაუახლოვო” - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი.  ლეგენდაა, თითქოს რესპუბლიკელებს დავპირდი, მთავარი პარტია უნდა გამხდარიყო, „ქართული ოცნება“  ჩამეწია და რესპუბლიკელები გამხდარიყვნენ ძირითადი ძალა, უსუფაშვილი კი - პრემიერ-მინისტრი, -ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 ივანიშვილის თქმით, ამ ლეგენდის აღიარებას რესპუბლიკელები მისგან ითხოვენ.

 “თუ არ ვაღიარებ, იმითაც იმუქრებიან, დააბრუნე მაშინ 2012 წელიო და იქ ჩვენ მარტო შევებრძოლებით „ნაციონალურ მოძრაობასო“, ეს პრეტენზია აქვთ, რამხელა ამბიცია აქვთ. მათ მე წყევლის ნაცვლად დავლოცავდი და შევახსენებდი „კავკასიელ ტყვე ქალს“, სადაც ამბობენ, რომ სურვილები და შესაძლებლობები ახლოს უნდა ჰქონდეს დაბალანსებულ პიროვნებას.  იმ სადღეგრძელოს შევახსენებდი რესპუბლიკელებს და მათი წყევლის ნაცვლად, დავლოცავდი, რომ მათ მოეხერხებინოთ, საკუთარი შესაძლებლობები და მოთხოვნილებები დაეახლოვებინოთ ჩემი გამოყენების გარეშე. რატომ მაგინებენ, რატომ მლანძღავენ რესპუბლიკელები? იმხელა სხვაობაა მათ მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს შორის,  სასწაული უნდა მოახდინო, რომ ისინი ერთმანეთს დაუახლოვო. ამ სასწაულის მოხდენას ჩემგან ითხოვენ, თუ ნახავთ მათ გამონათქვამებს“, - განაცხადა ივანიშვილმა.