საზოგადოება
„2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია 1000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია“ – გიორგი კვირიკაშვილი

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რუმსში“ ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

 როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელები.

 „გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის, ცხოვრებისა და გადაადგილებისთვის - ამ ყველაფერს ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტი ითვალისწინებს.

 მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით, დაგეგმილია 1000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია. იგეგმება 300-მდე სახიდე გადასასვლელის და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა.  სივრცითი მოწყობა ასევე ითვალისწინებს რკინიგზის სადგურების, პორტებისა და აეროპორტების აშენებას და რეაბილიტაციას, არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ახლის შექმნას”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.