პოლიტიკა
„თავისუფალი არჩევნებით ნაციონალები ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, ამიტომ მათი მთავარი დასაყრდენი ძალადობა რჩება“ – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს.

 როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რაჭაში განაცხადა, “ნაციონალურ მოძრაობას“ გადატრიალების მცდელობა ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებიდან  ჰქონდა.

 “2012 წლის შემდგომ უნდოდათ გადატრიალების მოხდენა. კანონმდებლობა შევცვალეთ, პრეზიდენტს რომ ჰქონდა გადაჭარბებული უფლებები, მაშინაც კარგი ტრიუკები ჩავუტარეთ მაგათ გუნდს. ამ კანონმდებლობას ნაციონალების მხარდაჭერის გარეშე ვერ ვცვლიდით, კარგად ვათამაშეთ და ბოლო წუთს თვითონ იყვნენ გაოგნებული, როგორ დაგვიჭირეს მხარი.

 გაზაფხულზე გადატრიალებას რომ ვერ მოახერხებდნენ, აი, შემოდგომამდე მოითმინეთო, ამით ამაგრებდნენ გუნდს. შემოდგომაზე დავიბრუნებთ ხელისუფლებასო. შემოდგომაზე არ ჰქონდათ რესურსი, ეუბნებოდნენ ისევ გაზაფხულს. ახლა დარჩა ბოლო შემოდგომა. იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არანაირი რესურსი არ აქვთ, ხელისუფლება აიღონ. 26 კაციღა ჰყავთ პარლამენტში და მაგათი უკეთესი შედეგი 10 კაცია. ერთადერთი, რაზეც შეიძლება აქცენტი გააკეთონ, ეს არის ძალადობა. ის კაცი უკრაინიდან გამოდის და გვმოძღვრავს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 „საოცრება იყო, ესენი რომ ვაიძულეთ, უსისხლოდ წასულიყვნენ. მერე დემოკრატიას იბრალებდნენ, ნახეთ, როგორ გადავაბარეთო. რისი გადამბარებელი იყო, გასაქანი არ ჰქონდა სხვა“, - აღნიშნა ივანიშვილმა.