პოლიტიკა
თურქეთში გადატრიალებას ამერიკელი გენერალი კემპბელი ამზადებდა - ISAF-ის ყოფილი მეთაური, რომელიც ავღანეთში ხიდაშელს შეხვდა

  საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ნატოს ხელმძღვანელობით ავღანეთში ოპერაციების განმახორციელებელი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) ყოფილი მეთაური, გენერალი ჯონ ფ. კემპბელი ძირითადი ფიგურაა, რომელიც თურქეთში გადატრიალების მცდელობის უკან დგას, ამტკიცებენ თურქული გამოცემა Yeni Şafak-ის დამოუკიდებელი გამოძიების ავტორები.

წყაროების მონაცემებით, სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა 15-16 ივლისის მოვლენებში მონაწილე ჯარისკაცების კოორდინაციასა და საერთო ხელმძღვანელობაზე, ანუ, ფაქტობრივად, გადატრიალების ორგანიზაციაზე. კემპბელი რვათვენახევრის განმავლობაში ემზადებოდა და ატარებდა მოლაპარაკებას თურქეთში. მისი მმართველობის ქვეშ იმთავითვე იმყოფებოდა “ცეერუს” აგენტთა დაახლოებით 80-კაციანი ჯგუფი, რომლებიც ფეთჰულაჰ გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) მეშვეობით არმიაში დივერსიულ ჯგუფებს ნერგავდნენ და თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობას პუტჩის მოწყობისაკენ უბიძგებდნენ. ამერიკელი გენერალი რეგულარულად ატარებდა საიდუმლო შეხვედრებს თურქეთის სამხედრო ბაზებზე - "ერზრუმსა" და "ინჯირლიკზე" (იხ. ფოტო), არმიაში არსებული წყაროები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ის წყვეტდა ამ ბაზებზე ოფიცრების დაწინაურების და ჩამოქვეითების საქმეს. გიულენის მიმდევრები სწრაფად მიიწევდნენ ზევით კარიერულ კიბეზე, უფრო დიდ ხელფასს იღებდნენ და სხვა პრეფერენციებით სარგებლობდნენ. ინჯირლიკზე ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა გიულენისტების არქივები, რომლებშიც აგენტურული ქსელის ყველა წევრის და მათი ოჯახების წევრების ვრცელი დოსიეები ინახებოდა.

წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ დუბაის აეროპორტში დააკავეს თურქი გენერლები ჯაჰიტ ბაკირი (Cahit Bakır) და შენერ თოფჩუ (Şener Topçu). კემპბელი ორივემ ავღანეთში გაიცნო, სადაც ისინი ნატოს ძალების შემადგენლობაში თურქულ კონტინგენტს ხელმძღვანელობდნენ. იქვე გაიცნო კემპბელი საქართველოს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა (წაიკითხეთაქ).

ზოგიერთი თურქი სამხედროს მოწმობით, ავღანეთში ამერიკელები აქტიურ მუშაობას ეწეოდნენ სამხედროებს შორის და იქვე იბირებდნენ მათ გიულენისტების რიგებში. წინააღმდეგებს და პატრიოტებს ოპერატიულად ანადგურებდნენ ფიზიკურად, მითუმეტეს, ამისათვის ყველა პირობა არსებობდა. ამჟამად კემპბელის ყოფილი თანამებრძოლები ჩვენებებს იძლევიან და ერთმანეთის მიყოლებით ხსნიან იმ ქსელის ძაფებს, რომელიც “ცეერუმ”, მათი უშუალო მონაწილეობით, მთელ თურქეთში გააბა.

თანმხლები ხარჯებისთვის აშშ-მა, სულ ცოტა, 2 მილიარდი დოლარი გამოყო. აფრიკული ბანკების გავლით შემოსულ თანხებს ასევე კემპბელი განაგებდა და ანაწილებდა.

დახმარების სანაცვლოდ პუტჩისტები აშშ-ს დაჰპირდნენ, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ახალ სამხედრო ბაზას გაახსნევინებდნენ. ასევე მოილაპარაკეს, რომ გააძლიერებდნენ ეკონომიკურ და სამხედრო ზეწოლას რუსეთზე, რაც საშუალებას მისცემდა, სერიოზულად შეეცვალათ ბალანსი რეგიონში.

თუმცა, ვაშინგტონის გეგმებში პოტენციური ხუნტისათვის რეალური ძალაუფლების მიცემა არ შედიოდა. კემპბელი ამზადებდა დამჯერ და მართვად რეჟიმს, რომელიც მოკლე საბელზე ეყოლებოდა ამერიკულ სპეცსამსახურებს. აჯანყებულთა მხრიდან ზედმეტი დამოუკიდებლობის შემთხვევისათვის არსებობდა "სირიული გეგმა", რომელიც არასტაბილურობის შემდგომ განვითარებას გულისხმობდა - იმ ზომამდეც კი, რომ თურქეთი ავღანეთის, ლიბიის, ერაყის და სირიის მსგავს ქაოსში ჩაძირულიყო.

აშშ ერთსა და იმავე სქემას იყენებს უსამა ბენ ლადენის დროიდან მოყოლებული, რომელთან ინტერვიუ 1993 წელს დასათაურებული იყო "საბჭოთა არმიასთან მებრძოლს თავისი არმია მშვიდობისაკენ მიჰყავს":

"ეგვიპტის პრესა ამტკიცებს, რომ მან სუდანიდან და ავღანეთიდან ასობით ყოფილი არაბი ბოევიკი ჩამოიყვანა, ხოლო ხართუმში მდებარე დასავლეთის საელჩოებში ამბობენ, რომ საუდელ მეწარმესთან ერთად ჩამოსულ "ავღანელთა" ნაწილი ამჟამად ალჟირში, ტუნისსა და ეგვიპტეში ჯიჰადის მოსაწყობად ემზადება. მისტერ ბენ ლადენი ყველა ამ ჭორის საქმის კურსშია. “ეს ჟურნალისტებისა და ელჩების მონაჩმახია, - ამბობს ის. - მე ინჟინერ-მშენებელი და სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ვარ. აქ საწვრთნელი ბანაკები რომ მქონდეს, ჩემს პროექტზე ვერ ვიმუშავებდი".

თითქოს არც ყოფილა ეს 23 წელი ყველა მათი სისხლიანი კონფლიქტითა და ტერორიზმის არნახული თავაშვებულობით; თითქოს ყველას დაავიწყდა, როგორ აფინანსებდა აშშ მთელ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ამა თუ იმ "მეომრებს, რომლებსაც თავისი არმიები მშვიდობისაკენ მიჰყავდათ". მსგავს ინტერვიუებს და პრეს-კონფერენციებს ახლა ფეთჰულაჰ გიულენი მართავს აშშ-ში თავისი თავშესაფრიდან. თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური მოთხოვნების მიუხედავად, ამერიკის ხელისუფლება მოქადაგე-ტერორისტის შეწუხებას არ აპირებს, ხოლო მისი წიგნები, გავლენის აგენტები და მოძრაობა "ჰიზმეთის" მთელი სექტანტური სკოლები, აკრძალვების მიუხედავად, თანდათან მთელ მსოფლიოს მოედო.

სად არის გენერალი კემპბელი, რომელიც თავის თანამზრახველებთან ერთად გულცივად გეგმავდა სასაკლაოების მოწყობას ანკარისა და სტამბოლის ქუჩებში (და ასევე პასუხს აგებს იმ სისასტიკეზეც, რომლითაც გააფთრებული ბრბო პუტჩისტ ჯარისკაცებს უსწორდებოდა), ხოლო ჩავარდნის შემთხვევაში მზად იყო, სისხლიან შინაომში ჩაეხრჩო თურქეთი? ამერიკელმა უშიშარმა გმირმა, რომელსაც, ალბათ, მხოლოდ ოპერაციის ჩავარდნის გამო საყვედური თუ ემუქრება, ჩრდილში შეაფარა თავი. შესაძლოა, იმისთვის, რომ მორიგი სამხედრო გადატრიალებისთვის ახალი კადრები მოამზადოს და ახალი აგენტურული ქსელები დახლართოს.