პოლიტიკა
„ჩვენ ჩავატარეთ წარმატებული საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები, წელს საპარლამენტო არჩევნებით დავაგვირგვინებთ ამ ციკლს“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა განიხილავს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას, როგორც აუცილებლობას, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტებს, მშვიდობას და კეთილდღეობას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთლიანად რეგიონში, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილე აშიშ კუმარ სენთან ინტერვიუში კითხვას, რამდენად საზიანოა საქართველოს პროდასავლელი ლიდერებისთვის ის შეყოვნება, რომელიც დაფიქსირდა ნატოში გაწევრებისკენ მიმავალ გზაზე და ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში.

 „ჩვენი ხალხი მხარში უდგას მთავრობას ჩვენი ამბიციური რეფორმების გეგმის განხორციელებაში. ვიზების ლიბერალიზაცია საგრძნობ სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთსულოვნად უჭერენ მხარს ევროინტეგრაციას. გარდა ამისა, ეს თვალნათლივ დაანახვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირატესობებს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 „ვარშავის სამიტამდე ყველა წამყვანმა პარტიამ ხელი მოაწერა ერთობლივ მიმართვას ნატოს წევრი ქვეყნებისადმი, რომელშიც აისახა თხოვნა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ჩავატარეთ წარმატებული საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები და წელს საპარლამენტო არჩევნებით ჩვენ დავაგვირგვინებთ ამ ციკლს“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.