აქტუალური
საქართველო გატარებული რეფორმებით ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება - Steirische Wirtschaft

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ავსტრიის რესპუბლიკის შტაიერმარკის ფედერალური მიწის სავაჭრო პალატის გამოცემა Steirische Wirtschaft-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით,  საქართველო გატარებული რეფორმებით ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება.

 სტატიის ავტორი გამოცემის რედაქტორი კლაუს კრაინერია. კრაინერს მოჰყავს ქ. სტამბოლში ავსტრიის სავაჭრო წარმომადგენლის გეორგ კარაბაჩეკის სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა ძალზე სტაბილურია და ქვეყანას გააჩნია მყარი საბაზრო-ეკონომიკური, ლიბერალური და ევროპასთან დაახლოებული სტრუქტურა. გეორგ კარაბაჩეკის თქმით, ბოლო წლებში რეფორმებზე ორიენტირებულმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკა 2,8%-მდე გაზარდა, თვალსაჩინოა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ძლიერი განვითარება, რაც ისტორიული დიდი აბრეშუმის გზის აღორძინების ნაწილია.

 სტატიის ავტორი ასევე საუბრობს იმ ავსტრიულ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, მათ შორის არიან Gebrüder Weiss, Orion-Leuchten, Schirnhofer. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2014 წლიდან ავსტრიული ექსპორტი საქართველოში 57,8-იდან 72,8 მილიონ ევრომდე, თითქმის 30 %-ით გაიზარდა. როგორც კლაუს კრაინერი აცხადებს, ამ მაჩვენებლით საქართველო ავსტრიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა და რეიტინგით ავსტრიის სავაჭრო პარტნიორებს შორის 78-ე ადგილზე ავიდა.