პოლიტიკა
„მინდა მჯეროდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არასწორად მიწოდებული ფაქტების მსხვერპლია“ – დავით უსუფაშვილი

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიერ საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება სიცრუეა.

 „ორმაგად ვწუხვარ, რომ ამჯერად ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი არის ბიძინა ივანიშვილი. ჯერ კიდევ მინდა მჯეროდეს, რომ იგი არის მსხვერპლი არასწორად მიწოდებული ფაქტების, ინტერპრეტაციების და თავად შეგნებულად არ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. არ მინდა, რომ პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები უფასურდებოდეს იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით, რომელიც გუშინაც მოვისმინეთ. ეს ეხებოდა კონკრეტულად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, მის მუშაობას, კომისიის მუშაობის პროცესში პირადად ჩემს წვლილს, როგორც კომისიის ხელმძღვანელის, რესპუბლიკელების წვლილს. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითი თითზე არ დაგვიდია და თითქოს ჩვენი ბრალია, რომ საქართველოში პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნებით აირჩევა... მინდა მივმართო ოპონენტებს, „ქართული ოცნებისლიდერებს, ვიკამათოთ საგნობრივად, ვიკამათოთ ფაქტებზე, ნუ გვექნება აგებული ყველაფერი სიცრუეზე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა, რომ დავით უსუფაშვილს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეობის ოთხი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია.