სამართალი
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ბათუმში განაცხადა.

 "ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე არიან  მაღალი კვალიფიკაციის იურისტები. ისინი არიან ძლიერი და პრინციპული ადამიანები, რომლებიც გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უნიშვნელოვანეს პერიოდში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - გიორგი პაპუაშვილს (თავმჯდომარე), კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას უფლებამოსილების ვადა სექტემბრის ბოლოს ეწურებათ.

 ოთხ ვაკანტურ ადგილზე ერთი მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორი კი -  საქართველოს პრეზიდენტმა.