პოლიტიკა
„სააკაშვილს მიტინგების ეშინოდა და ეს იყო ძირითადი მიზეზი პარლამენტის ქუთაისში გადმოტანის“ – ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადმოიტანონ. ივანიშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება და აუცილებელია  სხვა პარტიებთან ამ საკითხზე კონსულტაციები.

 „საეჭვოა, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს "ქართული ოცნება" პარლამენტში, თუმცა არ გამოვრიცხავ ამასაც. ამას უნდა კონსულტაციები სხვა პარტიებთან. უამრავი დრო და ფული იხარჯება გზაში და ეს არ არის ეფექტური. ეს სააკაშვილმა მოინდომა. სააკაშვილს რომ ვკითხე, როდესაც პრემიერის რანგში შეხვედრა მქონდა, რას აკეთებ, რად გინდა-მეთქი, დემონსტრაციას ვერსად ვეღარ გაგიმართავენ, მიტინგი აღარ გექნებაო, მიპასუხა. მიტინგის ეშინოდა ამ უბედურს და ეს იყო ძირითადი მიზეზი. ქუთაისელები საწყენად ნუ მიიღებენ, ძალიან არაეფექტურია. თუ გინდათ, ეფექტური ხელისუფლება გყავდეთ, მათ მეტი დრო უნდა ჰქონდეთ, რომ თავისი საქმე აკეთონ და 6 საათი არ იყონ გზაში გამოკიდებული“, - განაცხადა ივანიშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.