პოლიტიკა
“სტოლტენბერგის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გზავნილი ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობისა და მხარდაჭერის განვითარების კუთხით” - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის რიგით მეოთხე ვიზიტს საქართველოში.

 „ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ტერიტორიული მთლიანობისა და  ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მიერ  განხორციელებული დემოკრატიული  რეფორმების მხარდაჭერისა და აღიარების დასტური. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც განხილული იქნება ძირითადი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, რაც უდაოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და ევროატლანტიკურ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციისთვის“, აღნიშნა პრემიერმა.

 გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება  ორმხრივი შეხვედრა ნატო–ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხვა წევრებთან.