პუბლიკაციები
Made in USA: 10 ამერიკელი, რომლებიც ამზადებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას თურქეთში - ფულერის სია

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მორიგი ჩავარდნის გამო აშშ-ის გარშემო არნახული სკანდალი გორდება. 2016 წლის 16 ივლისის პუტჩის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თურქეთში გრძელდება საზოგადოებრივი რიგების წმენდა, რასაც ხელს უწყობს დაგროვილი ანტიამერიკული განწყობა. და ის დღითი დღე ძლიერდება. ვაშინგტონი თურქეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის და ქვეყნის მოსახლეობისთვისაც ნამდვილი დემონი ხდება.

 

 საიდუმლო ყოველთვის მჟღავნდება

16 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მეტისმეტად გულახდილი გახდა და სახელმწიფო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დაადანაშაულა ამერიკელები აჯანყების ორგანიზატორთა მხარდაჭერაში. მომდევნო დღეებში თურქეთის ლიდერი ასაბუთებდა თავის ბრალდებებს და მომხდართან აშშ-ის კავშირზე მიუთითებდა.

იმაზე, რომ თურქეთის მოვლენების უკან “ცეერუს” ფული დგას, სერიოზული თურქული გამოცემებიც წერდნენ. მაგრამ ახლა თურქეთის სპეცსამსახურებისთვის გაცილებით უფრო მეტია ცნობილი, ვიდრე პუტჩის შემდეგ პირველ დღეებში. დასახელდნენ ამერიკელი სპეციალისტები, რომლებიც თურქი ლიდერის ჩამოგდების სისხლიანი სცენარის ორგანიზების უკან იდგნენ, რომლის დროსაც ათობით რიგითი მოქალაქე დაიღუპა.

ნატოში თურქეთის მოკავშირის - აშშ-ის ქმედებებს, რომელსაც ბოლო წლებში თურქეთის ხელმძღვანელობაზე ძლიერი გავლენა ჰქონდა, ახლა უკვე თავად თურქეთში "ზურგში დარტყმის" გარდა არაფერს უწოდებენ. ამერიკელების ქმედებას ერთადერთი ახსნა აქვს: მათ ყველას უჩვენეს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ინდივიდუალურ თამაშს ეწევიან, რომელშიც თურქეთი მოკავშირე კი არა, ხურდა ფული, საბრძოლო ტერიტორიაა. სხვათა შორის, ისევე, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნები, რომლებიც ასე თუ ისე ჩათრეული აღმოჩნდნენ ამერიკელების ჩახლართულ გეგმაში. და რომლებსაც, პრეზიდენტებისა და მთავრობების ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში ისინი ისევე გაწირავენ, როგორც თურქეთი და ერდოღანი გაწირეს.

  თურქეთის გაზეთებში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ამერიკული სპეცსამსახურების თანამშრომლების სიები, რომლებსაც თურქეთის გადატრიალებასთან აქვთ კავშირი. ასე მაგალითად, გამოცემა Aksam-ის მონაცემებით, “სახელმწიფო გადატრიალების სპეციალისტები ცნობილი მოვლენების წინა დღეებში -13-15 ივლისს ჩავიდნენ ქვეყანაში და უშუალოდ ახდენდნენ ამბოხებულთა მოქმედების კოორდინაციას. მათ ამოცანაში შედიოდა აგრეთვე  პუტჩის საინფორმაციო მხარდაჭერა და დაცვა დასავლეთის და გადატრიალების მხარდამჭერთა მიერ კონტროლირებად ადგილობრივ მასმედიაში პუბლიკაციებით. ზუსტად არის დამტკიცებული აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობაზე ოფიციალურად მიწერილი მთელი რიგი თანამშრომლების კავშირი “ცეერუსთან”.

გამოქვეყნებულ სიაში საკმაოდ ცნობილი გვარებია. ისინი თურქეთში იმყოფებოდნენ წინა დღითაც და «Х» საათზეც - 16 ივლისს. თურქული წყაროების მონაცემებით, მათი განლაგების და საკოორდინაციო ცენტრის საქმიანობის ბაზა იყო სტამბოლის მახლობლად მდებარე კუნძული ბიუიუკადა (იხ. ფოტოზე ზემოთ). მას შემდეგ, რაც დაზუსტებით ცნობილი გახდა გადატრიალების ჩაშლისა და მეამბოხეთა დაპატიმრების დაწყების შესახებ, მათ სასწრაფოდ დატოვეს ქვეყანა.

 

მაშ ასე, მათ სიაში, ვინც პუტჩი მოამზადა და აკონტროლებდა მას, შედიან:

 1. გრეჰემ ფულერი - “ცეერუს” ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც 20 წელი იმუშავა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. სწორედ ის კურატორობდა მხარდაჭერას, რომელსაც ამერიკაში, პენსილვანიის შტატში მცხოვრები შერისხული თურქი მოქადაგის ფეთჰულაჰ გიულენის მომხრეები იღებდნენ. რამდენიმე წლის წინ თურქეთიდან გაქცეულმა გიულენმა ფულერის მხარდაჭერით მოახერხა აშშ-ში მუდმივად ცხოვრების უფლების მოპოვება. მაშინ მას პირადი გარანტია “ცეერუს” სამმა თანამშრომელმა მისცა, რომელთა შორის ფულერიც იყო. ამ პერსონაჟის შესახებ დაწვრილებით ყვება უილიამ ენგდალი  წიგნში "დასავლეთის სამყაროს წმინდა ომები". მისი თქმით, გრეჰემ ფულერი დაზვერვის რიგითი თანამშრომელი არ გახლდათ და აქტიურად მონაწილეობდა მოჯაჰედების და პოლიტიკური ისლამის სხვა ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციაში. სწორედ მან შესთავაზა მოძრაობა "ძმები მუსლიმანების" და მსგავსი ისლამისტური ორგანიზაციების გამოყენება ამერიკის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად.

1982 წელს გრეჰემ ფულერი ეროვნული დაზვერვის ოფიცრად დაინიშნა, რომელიც “ცეერუში” ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაზე აგებდა პასუხს. სწორედ მაშინ მოექცა თურქეთი მისი პასუხისმგებლობის ზონაში. 1986 წელს ფულერი “ცეერუსთან” არსებული დაზვერვის ეროვნული საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე გახდა, ხოლო 1988 წელს, როდესაც ავღანეთში მოჯაჰედების ომი დასასრულს უახლოვდებოდა, ფულერი დაზვერვიდან ფორმალურად ვაშინგტონელი ნეოკონსერვატორების ანალიტიკურ ცენტრ RAND-ში გადავიდა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული პენტაგონთან და “ცეერუსთან”. რიგი მტკიცებულებების მიხედვით, იქ ეს პერსონაჟი მონაწილეობდა გიულენის მოძრაობის შექმნაში და ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში შესაღწევად მისი გეოპოლიტიკურ ძალად გამოყენების სტრატეგიის შემუშავებაში. "RAND-ში მუშაობის წლები ფულერმა მიუძღვნა თურქეთში, სუდანში, ავღანეთში, პაკისტანსა და ალჟირში ისლამური ფუნდამენტალიზმის კვლევას. თავის ნაშრომებში ის განიხილავდა ერაყის გადარჩენის საკითხებს, წერდა პოსტსაბჭოთა "ახალ გეოპოლიტიკაზე ცენტრალურ აზიაში", სადაც ფეთჰულაჰ გიულენი თავის მეურვეობის ქვეშ მყოფთ აგზავნიდა "გიულენის სკოლების" და მედრესეების დასაფუძნებლად", - წერს უილიამ ენგდალი თავის წიგნში.

 

2. ჰენრი ბარკი - “ცეერუში” თურქული მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მანამდე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახლო და შუა აღმოსავლეთში პოლიტიკური დაგეგმვის ჯგუფის წევრი. სახელი გაითქვა თურქეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული სტატიებით.

3. ელენ ლაიფსონი - აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს უფროსის თანაშემწე, “ცეერუსთან” არსებული დაზვერვის ნაციონალური საბჭოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

4. ალი ვაეზი - ვუდრო ვილსონის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

5. მესუდ კაროკჰაილი - ახლო აღმოსავლეთის ანალიტიკოსი, რიგი არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი.

6. სამირ სუმაიდაიე - აშშ-ის ყოფილი ელჩი ერაყში, თავის დროზე სადამ ჰუსეინის ოპოზიციას წარმოადგენდა.

7. მარვა დაუდი - არაბული კვლევების ცენტრის და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დოცენტი. ავტორი წიგნისა "წყალგამყოფი სირიას, თურქეთსა და ერაყს შორის", სირიის ხელმძღვანელობის "მხეცობების" შესახებ მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების ავტორი.

8. სილვია ტერიაკი - პოლიტიკური ანალიტიკოსი, რომელიც კურატორობს ისრაელს, პალესტინას და სომხეთს.

9. აჰმედ მორსი - კარნეგის ფონდის ექსპერტი, ეგვიპტის და ირანის კურატორი.

10. ელი გერანმაიერი - ევროპის საბჭოს საგარეო პოლიტიკური კავშირების დეპარტამენტის თანამშრომელი, კურატორობს ირანს და საუდის არაბეთს.

 

განსაკუთრებული ინტერესი

როგორც ახლა ირკვევა, ამერიკელების მიერ გიულენის გამოყენების გეგმა 2015 წლის ნოემბრამდე და, მით უფრო, ამა წლის 16 ივლისამდე ბევრად უფრო ადრე იყო მომზადებული. ჯერ კიდევ 2013 წელს “ცეერუს” დაჟინებული შუამდგომლობით აშშ-მა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ფეთჰულაჰ გიულენს, თურქეთის ყველაზე ცნობილ ღვთისმეტყველს და ისლამის იდეოლოგს. ის ძალიან ახლოს იყო რეჯებ ერდოღანთან, ისინი ერთადაც კი მუშაობდნენ და თავისი საზოგადოებრივი მოძრაობა "ჰიზმეთი" გიულენმა, პრაქტიკულად, ერდოღანის დასახმარებლად და მხარდასაჭერად შექმნა.

მაგრამ 2013 წლის ზაფხულის დასაწყისში თურქეთში მომხდარმა მოვლენებმა ისინი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მოაქცია. გიულენი იძულებული გახდა, აშშ-ში დამალულიყო. მაგრამ თურქეთში მისი მრავალრიცხოვანი მომხრეები და მიმდევრები დარჩნენ. გიულენის კონტროლის ქვეშაა თურქეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დიდი ნაწილი, აგრეთვე უმაღლესი სამხედრო ჩინები, პირველ რიგში, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებსა და სპეცსამსახურებში. საჭირო მომენტში სწორედ მათზე ცდილობდნენ ზეგავლენის მოხდენას ამერიკელები, რომლებმაც გიულენი მყარად წამოაგეს ანკესზე. თანაც, “ცეერუს” მოქადაგის რწმენა და შეხედულებები სულაც არ ენაღვლება. ისინი, უბრალოდ, თავხედურად იყენებენ მას თავიანთ დიდ თამაშში, ისევე, როგორც მის პოლიტიკურ ოპონენტს - რეჯებ ერდოღანს.

გადატრიალების და ერდოღანის თავიდან მოშორების ჩავარდნის შემდეგ ამერიკელები, ცხადია, არ დამშვიდდებიან. ისინი, ასე თუ ისე,  აუცილებლად მოიფიქრებენ რამეს. ჰოდა, შესაძლოა, შემთხვევით არ მომხდარა სისხლიანი ტერაქტები თურქეთის სასაზღვრო რაიონების ქალაქებსა და სოფლებში, სადაც სირიის მიმდებარე ტერიტორიაზე ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები გამაგრდნენ. არსებობს მონაცემები, რომ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები კურორტ ანტალიაში ღამის კლუბებზე თავდასხმებსაც კი გეგმავენ.

ახლა ამერიკელების წინაშე თურქეთის შიგნით დაძაბულობის შექმნის ამოცანა დადგება, და მაშინ ქვეყანაში, შესაძლოა, ისევ გამოჩნდეს გადატრიალებათა სპეციალისტების ბრიგადა გრეჰემ ფულერის ხელმძღვანელობით. მანამდე კი მათ შეუძლიათ, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გამოჩნდნენ, სადაც “ცეერუს” განსაკუთრებული ინტერესი აქვს. თურქეთის სპეცსამსახურებმა შეძლეს გამოევლინათ “ცეერუს” ამავე თანამშრომლების მონაწილეობა ეგრეთ წოდებული "არაბული გაზაფხულის" მოვლენებშიც ტუნისში, ეგვიპტეში, იემენსა და ლიბიაში.

წყაროები:

http://www.aksam.com.tr/guncel/15-temmuz-gecesinin-c210-karanlik-yabancisi-c2/haber-538961

http://www.milliyet.com.tr/15-temmuz-gecesinin-10-karanlik-gundem-2289868/

http://www.easttime.ru/analytics/turtsiya/spisok-fullera-spetsialisty-po-gosudarstvennym-perevorotam/11919