საზოგადოება
„პარლამენტის თავმჯდომარეობაზე შეთავაზება პირველად 2003 წელს მიხეილ სააკაშვილისგან მივიღე“ – დავით უსუფაშვილი

 საქართველო, 7 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

 უსუფაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ის განცხადება შეაფასა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ დავით უსუფაშვილმა კოალიციაში ყოფნის დროს “მოახერხა და პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, ისევ ჩვენივე დახმარებით და ამას გვამადლის მუდამ". 

 „რაც შეეხება იმას, უსუფაშვილი კოალიციამ გააცნო ქართველ ხალხს თუ არა, ამაზე ვერ დავეთანხმები ვერც ბიძინას, ვერც ირაკლის, ვერც ვერავის, რადგან 2011 წლის მდგომარეობით მე გავლილი მქონდა ჩემი ცხოვრების აქტიური გზა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეობის შემოთავაზებები. მათ შორის 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმანაციონალური მოძრაობისგუნდში მოიყვანა ის ხალხი, რომელთა ხელმძღვანელობას პარლამენტში მე მთავაზობდა, თვითონ იყო საკრებულოს თავმჯდომარე, აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას და აგვისტოს ბოლოს მითხრა - მე გიჟის სახელი მაქვს, შენ ჭკვიანის, ამიტომ გიჟი და ჭკვიანი ერთად კარგად ვიქნებით ტანდემში, შენ პარლამენტში გაუძეხი საქმეს, მე გარეთ და ასე ავიღოთ ხელში ძალაუფლება და გავუძღვეთ ქვეყანას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 „სააკაშვილს არც პარლამენტის თავმჯდომარეობაზე, არც სიის პირველ ნომრობაზე  და არც პარლამენტში შესვლაზე არ დავთანხმდი. ახლაც ამას ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს და როგორც ჩანს, ეს არის მისთვის ძნელი მოსასმენი და ასატანი, მაგრამ უნდა ავიტანოთ, რადგან ქვეყანას ვემსახურებით. დიახ, იმ გუნდთან ერთად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყვანა სახელისუფლებო მონოლითად, მე ვამბობ, რომ ამ გუნდით ქვეყანა წინ ვერ წავა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.