პოლიტიკა
”რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე

  საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“  განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას გაუსვა ხაზი  და აღნიშნა: რამდენიმე თვის წინ საოკუპაციო ხაზზე ქართველი მოკლეს. კამერამ გადაიღო მკვლელი და ეს ადამიანი ჯერ კიდევ თავისუფალია. რასაკვირველია, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი უარყოფითზეგავლენას ახდენს მთავრობის იმიჯზე, მმართველი პარტიის იმიჯზე. ყოველდღიურად აკავებენ ეთნიკურ ქართველებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მისი გადაკვეთის გარეშეც კი, როდესაც ისინი საქონელს მწყემსავენ, შეშას აგროვებენ. რამდენიმე დღით ციხეში ჰყავთ გამოკეტილი დაკავებული და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ხელს უშლის საქართველოს სტაბილურობას“.

 „როდესაც ვამბობთ „სუვერენიტეტს“, ჩვენ ვგულისხმობთ ქართველი ხალხის, ქართველი ერის სუვერენულ გადაწყვეტილებას დასავლურ გზასთან დაკავშირებით. დაუშვებელია ამ გადაწყვეტილების შეცვლა, რადგანაც ის ასახავს ქართველი ხალხის ნებას, გამოხატულს არაერთხელ სხვადასხვა გამოკითხვისა თუ კვლევის ფარგლებში (რომელთა შესახებაც საქინფორმი ინფორმაციას არ ფლობს, გარდა ერთის, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაყალბებული არჩევნების ჩატარების დროს 2008 წლის ფალსიფიცირებული პლებისციტისა). მიუხედავად ამისა, ჩვენი სურვილია რუსეთისთვის გზავნილის მიწოდება იმის შესახებ, რომ ჩვენ არ უნდა ჩავერთოთ (ან არ გვსურს? – საქინფორმი) კიდევ ერთ კონფლიქტში და ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ ჩვენს ურთიერთობებში შემდგომ გართულებას, განსაკუთრებით სამხედრო ხასიათის გართულებას, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. რასაკვირველია, ურთიერთობები ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში შეიძლება განვიხილოთ, როგორც ამ ურთიერთობებში დაძაბულობის შემსუბუქების ინსტრუმენტები, რათა შეიქმნას საფუძველი პრობლემების გრძელვადიან ჭრილში გადაჭრისთვის, რასაკვირველია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების (აშშ და ნატო – საქინფორმი) ჩართულობით“, – განაცხადა პრემიერმა.