აქტუალური
„ვერ ავიტანე, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" საზოგადოებას გაუკეთა და ამიტომ მოვედი პოლიტიკაში“ - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

 „სააკაშვილს ჩემთან ჰქონდა ძალიან მოწიწებითი დამოკიდებულება, მეც არ მქონია უხეში დამოკიდებულება. მივიდოდი, მხვდებოდა, აუცილებლად მაცილებდა, თვალებში მიყურებდა, არაფერი მწყენოდა. მას ჰქონდა მხოლოდ მოწიწებითი და კულტურული დამოკიდებულება, არცერთი უხეში სიტყვა არ უკადრებია არასდროს. მე რომ მდომებოდა მაშინ, კომფორტულად ვიყავი წინა ხელისუფლებასთან, თუ მოვისურვებდი, ხელისგულზე მატარებდნენ, მაგრამ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, რა დღეშიც ჩააგდო საზოგადოება, ეს არ ავიტანე და ამისთვის მოვედი პოლიტიკაში”, - განაცხადა ივანიშვილმა.

 "მაბრალებენ, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება უნდაო. არავის განადგურება არ მინდა, მე მინდა, ყველას კარგად ეცხოვრებოდეს ამ ქვეყანაში. მაგრამ მათ უარი უნდა თქვან ძალადობაზე“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

 "მე მინდა ჩემი სამშობლოს სწორი გზით განვითარება და ძალიან მინდა, ბედნიერ სამშობლოში ვცხოვრობდე არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჩემი საზოგადოება, ჩემი საყვარელი ხალხი ცხოვრობდეს ბედნიერად თავის სამშობლოში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.