აქტუალური
თბილისში ბელარუსის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა გაიხსნა, სადაც ქართულ–ბელარუსული საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორებია წარმოდგენილი

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და  ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი დაესწრნენ.

 “ასეთი გამოფენები ხელს უწყობს ჩვენი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებას და ახალი იდეების დაბადებას  ბიზნესის წრეების წარმომადგენლებს შორის. გამოფენის პარალელურად ჩატარდება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. დავისახეთ ამოცანა, რომ 2017 წლის ბოლომდე ვაჭრობის მოცულობა უნდა გავზარდოთ 200 მილიონ დოლარამდე“, –აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

 “ის ძალიან წარმატებული ტექნოპარკი, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა სტარტაპის დამწყები ბიზნესის დაფინანსების მოდელი - დიდწილად ნაკარნახევია იმ ძალიან წარმატებული გამოცდილებით, რომელიც ბელარუსის ტექნოპარკს გააჩნია. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლები იაქტიურებენ და დაამყარებენ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან ბიზნეს კონტაქტებ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 “ბელარუსის და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები თანხვედრაშია და ავსებს ერთმანეთს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სახით ვხედავთ ნამდვილ მეგობარს, რომელიც გვერდით გვიდგას და მხარს გვიჭერს“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მიხაილ რუსიმ.