პოლიტიკა
„ჩვენ გვაერთიანებს პროექტები ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის და ხალხისთვის“ - ალიევი

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელსაც პირისპირ შეხვედრაზე, ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა.

 "ჩვენი ურთიერთობა დამყარებულია ისტორიაზე, ძმობაზე, კეთილმეზობლობაზე. დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი გააღრმავებს ჩვენს კავშირებს. ჩვენ გაერთიანებული ვართ ისტორიით, გეოგრაფიით, ინტერესების თანხვედრით. ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტების რეალიზაციაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 "ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებას, რომელიც ჭეშმარიტად სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ გვაკავშირებს მეგობრობა, რეგიონალური, გლობალური პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხების კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და, სამომავლოდ, ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.