საზოგადოება
ღმერთი თუ ბანი?! – ბურჭულაძე აცხადებს, რომ „სამი პურით“ ნახევარ საქართველოს დააპურებს – საქინფორმი

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ გავხდით ერთ მილიონს -  ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ განმუხურში განაცხადა, სადაც დასავლეთ საქართველოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

 ”გუშინ უკვე შეიძლებოდა, რომ პენსიონერი ასეთი გაჭირვებული არ ყოფილიყო. შეიძლებოდა, რომ ბიუჯეტის სწორად გადანაწილების შემთხვევაში პენსიონერს ჰქონოდა 250 ლარი (სხვა პარტიები – ალასანია, ნათელაშვილი, სააკაშვილი მეტს ჰპირდებიან: 300, 500 და 1000 ლარსაც კი– საქინფორმი). უკვე გუშინ შეიძლებოდა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნორმალურად ეცხოვრათ. დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ბიუჯეტით, რაც დღეს არის, გავხდით ერთ მილიონს - ერთ მილიონ ადამიანს, ვინც სოციალურად დაუცველია, 4 წლის განმავლობაში, სადაც არ უნდა იმუშაოს, არ მოვუხსნით ამ სტატუსს და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მისი ოჯახი ფეხზე დადგეს. გარდა ამისა, ყველა, ვინც კი ცხოვრობს ასეთ ოჯახებში, ყველა ადამიანი იქნება დაპურებული, ექნება უფასო ჯანდაცვა, უფასო მედიკამენტები, უფასო სწავლა. მორჩა დრო, როდესაც ხალხი უნდა ემსახუროს ჩინოვნიკებს, ჩინოვნიკები პირიქით, უნდა იყვნენ ხალხის სამსახურში. შეიქმნება სახელმწიფო ხალხისთვის”, - იმღერა არია სამოთხისეული ცხოვრების შესახებ ნახევარი საქართველოსთვის პოლიტიკაში წასულმა სახელგანთქმულმა საოპერო ბანმა, თუ ხალხი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმას მისცემს მის საარჩევნო ბლოკს „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“.

 ღმერთი უნდა იყო და არა ბანი, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან „სამი პურითა და ორი თევზით“ დააპურო მილიონი ადამიანი (საქართველოში რეალურად მცხოვრები მოქალაქეების ნახევარზე ოდნავ ნაკლები), თუმცა ქრისტემ სულ 5 ათასი ადამიანი დააპურა...