აქტუალური
„აფხაზეთის აღიარება სხვადასხვა ქვეყნის მიერ შეაჩერა რუსეთმა და არა გუბაზ სანიკიძემ“ – საქინფორმი

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრი გუბაზ სანიკიძეს პოლიტიკურ სპეკულაციასა და სიცრუეში ადანაშაულებს. მიხეილ ჯანელიძე “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის მიერ “რუსთავი 2”-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 ლაპარაკია არაბული ქვეყნების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების განზრახვაზე, რომელიც, სანიკიძის განცხადებით, მისი ძალისხმევით არ განხორციელდა.

 “ბევრი პოლიტიკოსი წინასაარჩევნოდ ცდილობს რაღაც ქულების დაწერას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას. არანაირად არ დავადასტურებ ამ ინფორმაციას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესს ძალიან ეფექტურად აკონტროლებს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 საქინფორმი აზუსტებს: პარლამენტარი გუბაზ სანიკიძე ნამდვილად იყო იმ საპარლამენტო დელეგაციის წევრი, თავმჯდომარე – რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ირანში მოლაპარაკებებს აწარმოებდა საქართველოდან სომხეთის გავლით ირანში მილსადენით წყლის გადაქაჩვის შესახებ, უზარმაზარი დამშრალი ურემიის ტბის აღსადგენად. ამისათვის ირანი საქართველოსა და სომხეთს ნავთობსა და გაზს ჰპირდებოდა.

 საქინფორმის ინფორმაციით, საქართველო კვლავ ბიძინა ივანიშვილმა იხსნა, რომელმაც შეაჩერა ეს საშინელი პროექტი, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებების კულუარებში, არაფორმალურ ვითარებაში, მაგალითად ვახშმისას, გუბაზ სანიკიძემ უთხრა ირანულ მხარეს – აქაოდა, რადგანაც დიდ სიმდიდრეს – მახასიათებლებით საუკეთესო ქართულ წყალს მიიღებთ, ამიტომაც, რა თქმა უნდა, აფხაზეთი არ უნდა აღიაროთ.

 სინამდვილეში დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესი რუსეთის კვალდაკვალ 08.08.08 ომის შემდეგ შეჩერებული იქნა რუსეთიდან, ვის მიერ და როგორ – ამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას საქინფორმი პოლიტიკურად არაკორექტულად მიიჩნევს.