საზოგადოება
საბოტაჟი!!! საქართველოში 3 თვეა, პრედნიზოლონი არ შემოდის, ავადმყოფების მდგომარეობა კრიტიკულია! - “საქინფორმი” დავით სერგეენკოს მიმართავს

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. “საქინფორმი”-ს რედაქციაში უამრავი განგაშის ზარი შემოდის - როგორც აღმოჩნდა, საქართველოს აფთიაქებსა და საავადმყოფოებში უკვე 3 თვეა, არ შემოდის პრეპარატი “პრედნიზოლონი”, რის გამოც ათასობით ავადმყოფი, მათ შორის - ონკოლოგიური, რომლებისთვისაც პრედნიზოლონის ინიექციები სასიცოცხლოდ აუცილებელია, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება!

 სიკვდილის პირას მყოფი ავადმყოფების ახლობლები გამწარებით ცდილობენ, პრეპარატი ნაცნობების საშუალებით შეიძინონ სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და რუსეთში, მაგრამ აქ საქართველოში მისი შემოტანის პრობლემა დგება - თურმე, ქართული საბაჟო წამალს არ გაატარებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის გარეშე, რომელიც მედიკამენტის მიზნობრივ დანიშნულებას ადასტურებს - რომ ის განკუთვნილია არა გასაყიდად, არამედ კონკრეტული ავადმყოფის სამკურნალოდ (?!).

 “საქინფორმი” სვამს შეკითხვას: რამ განაპირობა ესოდენ აუცილებელი ელემენტარული მედიკამენტის გაქრობა საქართველოს სააფთიაქო და საავადმყოფო ქსელებიდან?! დანაშაულებრივმა გულგრილობამ თუ პოლიტიკური მიზნებით განხორციელებულმა საბოტაჟმა?

 როგორც ცნობილია, დღევანდელი მთავრობის ყველაზე წარმატებულ მინისტრად აღიარებულია შრომის, ჯანმრთელობია და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო: ხომ არ გვაქვს საქმე “ნაციონალური მოძრაობის” მორიგ დანაშაულებრივ შეთქმულებასთან წინასაარჩევნო პერიოდში მინისტრ სერგეენკოს და მთლიანად პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” დისკრედიტაციის მიზნით?!

 დაე, ეს კომპეტენტურმა ორგანოებმა გამოარკვიონ, „საქინფორმი კი სთხოვს მინისტრ სერგეენკოს, სასწრაფოდ გაერკვეს შექმნილ სიტუაციაში და გადაუდებელი ზომები მიიღოს ადამიანების გადასარჩენად!

 შემდეგ კი დაფიქრდეს - განა სწორია, როცა საქართველოს მთელი მოსახლეობა კერძო აფთიაქების დახლებზე - ანუ სააფთიაქო ბიზნესის მფლობელთა კერძო შეხედულებებზეა დამოკიდებული?! იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უმსხვილესი სააფთიაქო ქსელების მეპატრონეები „ნაცმოძრაობის“ ღია მხარდამჭერები და ფარული სპონსორები არიან...

საქინფორმის რედაქცია