პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო შპს-ს თუ კანტორას“ – მამუკა მდინარაძე

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამუშაო შეხვედრის ჩაშლის საკითხს გამოეხმაურა.

 „ვრცელდება ინფორმაცია, რომ  რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპუაშვილმა თვითნებურად გადადო სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო „რუსთავი 2“-ისა და  კაბელების საქმის სარჩელების გამოცვლის ფაქტი,  და რამდენიმე დღის განმავლობაში ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიური საუბარი. ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს ექცევა, როგორც თავის კერძო შპს-ს თუ კანტორას, მაგრამ განმარტების გარეშე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ სხდომის გადადების ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მას აღარ აქვს სხვა გამოსავალი. როგორც ჩანს, ის ვარაუდობს, რომ არ გამოვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. შესაბამისად, ჩნდება ორი ვერსია: ერთი - ის გადის ამ პარტიის ხელმძღვანელებთან კონსულტაციებს, მეორე - ის ცდილობს, რომ ან ზეგავლენა მოახდინოს, ან გადაარწმუნოს მოსამართლეები, რომ მათ მიიღონ სხვაგვარი, არაობიექტური გადაწყვეტილება. მე მოვუწოდებ თითოეულ მათგანს და საკონსტიტუციო სასამართლოს რიგით თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის, მორალის შესაბამისად, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ამ ინსტიტუტის დაკნინება მსგავსი ქმედებებით არ შეიძლება“, – აღნიშნა მდინარაძემ.