საზოგადოება
მთავრობა არ ეთანხმება პრეზიდენტს, თუმცა „რეფერენდუმის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ“ მისი ბრძანებულების კონტრასიგნაციას განახორციელებს

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადავოა არგუმენტი, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება.

 "ეს ასე ნამდვილად არ არის და ეს არის არგუმენტებზე დავა, მაგრამ კანონმდებლობის - „რეფერენდუმის შესახებ კანონის“ - ხარვეზის გამო, კანონმდებლობაში ცვლილება ერთი თვის ვადაში უნდა აისახოს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილების გატარებას სჭირდება მინიმუმ ორი სესია, ანუ გათვალისწინებულია სამთვიანი ვადა მაინც. ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ რეფერენდუმის ინიციატორთა სურვილს, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი - სამოქალაქო ქორწინება გახლავთ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით - აისახოს საქართველოს კონსტიტუციაშიც. სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალა გახლდათ პარლამენტში ამ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ არჩევნების შემდეგ ეს საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდება.

 პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლაპარაკი, თითქოს დასავლეთისკენ სწრაფვა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაა, წმინდა წყლის სპეკულაციაა.

 „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული დასავლური და ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფასეულობები. სწორედ ასეთი საქართველო არის ძვირფასი და ღირებული ევროპისთვის, რომელიც პატივს სცემს ტრადიციულ ფასეულობებს“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.