სამართალი
Amnesty International გიორგი პაპუაშვილთან სადავო სახლზე, ლისის ტბის წართმევასა და სს „ინტელექტბანკის“ გაკოტრებაზე კვლევებს გაეცნო

 საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ სამ დასკვნას მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International გაეცნო. წერილი საერთაშორისო ორგანიზაციას 2016 წლის აპრილში გაეგზავნა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ Amnesty International–ს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან და სახელმწიფოს სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებაზე დავის, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის ჩამორთმევისა და სს „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეებზე მომზადებული კვლევები მიაწოდა და შესაბამისი შეფასება სთხოვა.

 „ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს შეხედულებებს და შენიშვნებს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენს სამომავლო საქმიანობაში. გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენ მნიშვნელოვან დროს დაუთმობთ წარმოდგენილი კვლევების გაცნობას, რომელიც ნამდვილად ბევრ უცნობ ფაქტებს მოგაწვდით და დაგანახებთ, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი და რა სისტემურ დანაშაულებებს ჰქონდა ადგილი 2003-2012 წლების მმართველობის დროს“, – ნათქვამია, კერძოდ, Amnesty International–ისათვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი აწერს.