სამართალი
საქართველოს სუს-მა რუსეთ–სომხეთის გაზსადენის აფეთქება აღკვეთა - სუს–ის განცხადება და საქინფორმის ვერსია (ვიდეო)

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ., ვლადიმერ რ., მინდია ვ., ჯაბა . და ნური . დააკავა (ვიდეო იხ. აქ).

 ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ., დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე - საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი .

 დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.

 ამ მიზნის განსახორციელებლად, 20 აგვისტოს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად. სამალავიდან მათ ამოიღეს: 4 ცალი 200-გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. "ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დაკავებული იქნენ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ“.

 საქინფორმი: გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ახლო ნათესავია, თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს. საქინფორმი ვარაუდობს, რომ ეს თავდაცვის ახალი მინისტრის წინააღმდეგ, რომელიც იზორიას წინამორბედის – თინა ხიდაშელის მიერ ჩაწოდებული „შავი პიარის“ ნაწილია, რომელმაც გუშინაც ვერ შეიკავა თავი სუს–ის მისამართით კრიტიკული კომენტარისგან ფეისბუქზე. ლევან მ.–ს ვერავითარი კავშირი ვერ ექნებოდა  ლევან იზორიასთან, იმიტომ, რომ სუს–ი დივერსანტების ჯგუფს 6 თვის მანძილზე უთვალთვალებდა, რომლის განმავლობაშიც ლევან იზორია სუს–ის ხელმძღვანელის მოადგილე იყო და მხოლოდ 1 აგვისტოს გადაიყვანეს თავდაცვის მინისტრად.

 საქინფორმი არაერთგზის აფრთხილებდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხის შესახებ. როგორც გამოძება ადასტურებს, დაკავებული ჯგუფის წევრები ხშირად სტუმრობდნენ უკრაინას. არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ ისინი ინსტრუქტაჟზე მიემგზავრებოდნენ სააკაშვილთან და მისი უახლოესი გარემოცვიდან გამოცდილ ტერორისტებთან: 08.08.08 თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილთან, იუსტიციის ექსმინისტრ ადეიშვილთან და სხვებთან.