პოლიტიკა
ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ და საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე, ჯაფარიძე - ახალი მემარჯვენეები“ გაერთიანდნენ

  საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ ბლოკის წევრებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

 „ჩვენი მოსახლეობა არ იმსახურებს არჩევანს ცუდსა და უარესს შორის, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, საქართველო იმსახურებს ახალ, უკეთეს მომავალს. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.  ჩვენ ვხედავთ პაატა ბურჭულაძისადმი მაღალ ნდობას საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ მისი საქმიანობის დადებით შედეგებს. მიგვაჩნია, რომ მას აქვს ყველა რესურსი, გააერთიანოს მის გარშემო ყველა პროდასავლური ძალა და მართლაც ერთიანი, მძლავრი პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც დღეს იმყოფება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 როგორც გუშინდელ ბრიფინგზე პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, გაერთიანებას ეწოდა „პაატა ბურჭულაძის პლატფორმა - სახელმწიფო ხალხისთვის”. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ყოფილ კოლეგებს, ახლა კი, თანაგუნდელებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენ გუნდზე მიმდინარეობდა ძალიან დიდი ზეწოლა და დღესაც არის ძალიან დიდი პოლიტიკური წნეხი ჩვენზე და დღეიდან ეს ბატონიშვილები ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ეს გმირობის ტოლფასია.

 ჩვენ იმედის თვალით შემოგვცქერის მთელი საქართველო, უფრო სწორად საქართველოს 80%-ზე მეტი, რომელსაც უჭირს და ჩვენ ვიძლევით პირობას, რომ როგორც კი მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენ მათ ცხოვრებას შევცვლით უკეთესობისკენ, საგრძნობლად უკეთესობისკენ და არა ოთხი წლის მერე, არამედ პირველივე თვეებში, ისინი იგრძნობენ ამას.

 ჩვენი კარები ღიაა ყველასათვის, ვინც იზიარებს ჩვენს ხედვებს. ჩვენი ხედვები ტქვენ კარგად იცით; ეს არის პროდასავლური, ეს არის ნატო-ში გაწევრიანება. ჩვენი ხედვები არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა და რაც მთავარია, სამართლიანი საქართველო. ცოტაც და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!’’, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.