პოლიტიკა
ბერძენიშვილმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ბანდიტი უწოდა და „ქართული ოცნების“ მწარე დასასრული იწინასწარმეტყველა

 საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავი შეიკავა პირდაპირი პასუხისგან კითხვაზე, რომელიც მისი თანაპარტიელის ლევან ბერძენიშვილის მიერ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან გოგიჩაიშვილის "ბანდიტად" მოხსენიებას ეხებოდა.

 „საბურთალოს მეექვსე საარჩევნო ოლქში დასახელებული ლევან გოგიჩაიშვილი არის ძალიან აქტიური, პატრიოტი ახალგაზრდა, ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სითამამით, აქტიურობით და ძალიან სასიამოვნოა ასეთ ახალგაზრდასთან შერკინება. მე ლევანთან ერთად მომიწევს საბურთალოელ ამომრჩეველთან შეხვედრებიც, დისკუსიებიც, მე მყავს ძლიერი კონკურენტები, მაგრამ მგონია, გავიმარჯვებ”, - ასეთი იყო დავით უსუფაშვილის პასუხი.

 რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ლევან გოგიჩაიშვილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დავით უსუფაშვილს დაუყენეს გოგიჩაიშვილი, ალბათ, იმ მოტივით, რომ რადგან ბანდიტი და ციხეში ნაჯდომია, კარგი ვაჟკაცი იქნება.

 "რა ლაპარაკია ეს? რა მიდგომებია, ვერ გავიგე, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ? საქართველოს პარლამენტს ჰყავს თავმჯდომარე და მას სჭირდება პატივისცემა… თავში აქვთ ავარდნილი, ჰგონიათ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოდიან, მაგრამ მწარე იქნება დასასრული", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.