პოლიტიკა
„ცენტრისტების“ მიერ რუსული ბაზების განთავსებისა და რუსული პენსიის დაპირება არის კონსტიტუციის დარღვევა!“ – თამარ კორძაია

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. 14 აგვისტოს რესპუბლიკური პარტიის ოფისში ჩატარებულ ბრიფინგზე პარლამენტის ფრაქცია “რესპუბლიკელების“ სახელით თამარ კორძაიამ წარადგინა ფრაქციის პოზიცია და ინიციატივა, ლადო ბედუკაძის და თემურ ხაჩიშვილის პარტია  „ცენტრისტების“ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 „საქართველოს კონსტიტუციის 26-მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა. პოლიტიკური პარტია „ცენტრისტების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაჟღერებული განაცხადი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მითითებულ ნორმას. რუსული ბაზების განთავსების და ე.წ. რუსული პენსიის დაპირება არის კონსტიტუციისა და საქრთველოს კანონმდებლობის მითითებული ნორმების დარღვევა, თუ არაფერს ვიტყვით ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფაზე, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს მთლიანობისთვის ბრძოლაში. ჩემთვის,  აფხაზეთიდან დევნილისთვის, ისევე, როგორც ყველა იმ ადამიანისათვის, რომელიც ჩემსავით გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, განსაკუთრებით მიუღებელია მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ჯგუფის არსებობა საქართველოში!

 მე, როგორც პარლამენტის წევრი და ფრაქცია „რესპუბლიკელების” წარმომადგენელი, ფრაქციის სახელით გამოვდივარ ინიციატივით, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით. მოვუწოდებ ჩემს კოლეგა პარლამენტის წევრებს, შემოგვიერთდნენ სარჩელის მომზადებაში ან შემოურთდნენ ჩვენ მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელს.

 ყველა არაკეთილმოსურნემ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ  და ჩვენი მოქალაქეები არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, დამოუკიდებლობის და ევროატლანტიკური კურსისათვის საფრთხის შექმნის  მცდელობას“, – განაცხადა, კერძოდ, კორძაიამ.

 საქინფორმი მკითხველს შეახსენებს, რომ 2012 წლიდან პარტია „ქართულ ოცნებას“, მიუხედავად საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილის მოთხოვნისა – აეკრძალათ ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახლეობის წინაარმდეგ მასობრივ დანაშაულში მხილებული სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა, ამისათვის არავითარი სამართლებრივი პროცედურისთვის არ მიუმართავს.