პოლიტიკა
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილი იყოს“ – იზორია

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და მინისტრის პირველმა მოადგილე ლელა ჩიქოვანმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

 ელჩთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი. ლევან იზორიას თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ევროკავშირის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მონაწილე. აღინიშნა, რომ ქართული მხარე, ევროკავშირის ეგიდით, უახლოეს მომავალში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოცეულის დონის ქვედანაყოფის გაგზავნას გეგმავს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებული როლიც უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით რუსული მცოცავი ოკუპაციის ფონზე.

 იანოშ ჰერმანმა მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით საქართველო მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკის არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ხდება.