პოლიტიკა
„დიპლომატებმა სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს იმ კურსის გატარებაში, რასაც ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ჰქვია“ - იზორია

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 „გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მათ აღგვითქვეს სრული მხარდაჭერა იმ კურსის გატარებაში, რასაც ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ჰქვია. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს შემდგომი ოთხი წლისთვის ჩვენი ახალი სტრატეგიის შემუშავების მიმართ. ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ექსპერტები, მათ შორის, სამხედრო ატაშეები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილი, აქტიურად იყვნენ ჩართული დოკუმენტის შემუშავებაში. ასე რომ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე ცალკეული ქვეყნების ექსპერტებთან ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ შემდეგი დღეების განმავლობაში, რათა ჩამოვაყალიბოთ ერთიანი სტრატეგია თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 „თურქეთი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დიდი მხარდამჭერია. ძალიან კარგი იყო მინისტრისგან გზავნილის მოსმენა, რომ საქართველოს მთავარი მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაა“, - აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.